Image

არ ვიცი თქვენ რამდენად ადევნებთ თვალს სამშენებლო კომპანიების მიერ გამართულ აქციებს, მაგრამ მე, ვინაიდან და რადგანაც ძალიან მინდა ბინის შეძენა, ვცდილობ არცერთი პიარ–კამპანია არ დავტოვო უყურადღებოდ 🙂

ასე მოექცა ჩემი ინტერესების სფეროში სამშენებლო კომპანია „ეი–ეს–გრუპ ინვესტმენტის“ საიუბილეო აქცია, რომელიც მათი წარმომადგენლების განცხადებით უპრეცენდენტო წინადადებას სთავაზობს ბინის შეძენის მსურველებს: კერძოდ, ყველა მომხმარებელს შეუძლია DIRSI–ის კომპლექსში შეიძინოს ბინა 1 კვ. მ დასრულებული რემონტით სულ რაღაც 900$–ად და რაც ყველაზე მნიშვნელვანია, კომპანია სთავაზობს მყიდველებს უპროცენტო შიდა 5 წლიან განვადებას.

Image

დამეთანხმებით, პირობები ძალიან მიმზიდველია, მეც არ დავიზარე, ვუყურე კომპანიის წარმომადგენლების პრეზენტაციას იმედის არხზე თუ რუსთავზე დილის გადაცემაში (ზუსტად აღარ მახოვს, თუმცა არა მგონია ამას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს), ვესაუბრე facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მათ წარმომადგენელს (მათ შორის ფასებზე, დამიდასტურეს 900$), გადავხედე ჩემს ბიუჯეტს და ბედნიერი და გახარებული მეუღლესთან ერთად გავემართე გაყიდვების ოფისში, დარწმუნებული, რომ ჩემთვის სასურველ ვარიანტს აუცილებლად მივაგნებდი.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ჩემი თვალთახედვით ამ კომპანიის და ზოგადად აქციის „+“ და „-„, გაითვალისწინეთ ყველაფერი და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება 🙂

მაშ ასე, დავიწყოთ პოზიტიურით:

1)      პირველი დადებითი მომენტი იყო ის, რომ ოფისში მისულებს მოგვეგება გაყიდვების მენეჯერი და პირდაპირ აგვიყვანა მეორე სართულზე, სადაც განლაგებული არის ბინების სტანდარტული ვარიანტების Show room–ები. კერძოდ, აქ წარმოდგენილია ერთ ოთახიანი, სტუდიო ტიპის ბინა ფართობით 50 კვ.მ., ორ ოთახიანი ბინა ფართობით 68 კვ. მ   და სამ ოთახიანი ბინა 95 კვ.მ. ყველა ბინა მოწყობილი და გარემონტებულია ისე, როგორც ბარდება მშენებლობის ვადის დასრულებისას რბილი ავეჯის გამოკლებით, შესაბამისად, თავიდანვე შეგიძლია შეიქმნა ნათელი წარმოდგენა, თუ როგორი სახლი გექნება წლის ბოლოს 🙂

2)      მეორე პოზიტივი – ბინები ბარდება დასრულებული რემონტით, შესაბამისად, შენ თავიდან აირიდებ ისეთ მომაბეზრებელ, დროის და ნერვების მომშლელ პროცედურას, როგორიც არის რემონტი:)

ოროთახიანი ბინის მისაღები

Image

ოროთახიანი ბინის სამზარეულო

Image

სამოთახიანი ბინის მისაღები

Image

სტუდიოს ტიპის ბინა

Image

3)      მესამე სიკეთე – ბინაში საჩუქრად რემონტთან ერთად დაგხვდება ცენტრალური გათბობა, თბოიზოლაცია, მოწყობილი სამზარეულო ჩაშენებული იტალიური ტექნიკით და სააბაზანო სრული სანტექნიკით;

4)      მეოთხე დადებითი მომენტი – ამ ეტაპზე შეგიძლია შეიძინო ნებისმიერ კორუპსში ნებისმიერ სართულზე ნებისმიერი შენთვის სასურველი ფართი ანუ არჩევანში შეზღუდული არ ხარ, თან სართულების მიხედვით არ გაგიძვირდება ბინა;

5)      მეხუთე „+“ – პროექტი სრულდება ძალიან მალე, გეგმის მიხედვით წლის ბოლოსთვის, ასე რომ ოცნების ბინამდე სულ რაღაც თვეები გაშორებს;

6)      მეექვსე ყველაზე ყველაზე დიდი უპირატესობა რაც ამ პროექტს გააჩნია – გადახდის მოქნილი გრაფიკი და შიდა უპროცენტო განვადება. მინიმალური 10%–იანი შენატანის შემდეგ თვითონ ირჩევ და 5 წელზე ანაწილებ გადახდების გრაფიკს, შეგიძლია თანხა დაფარო ყოველთვიურად, კვარტალურად ან წელიწადში ორჯერ, ასევე შეგიძლია ყოველთვე შეიტანო გარკვეული რაოდენობის თანხა, ხოლო 5 წლის ბოლოსთვის ერთიანად დაფარო დარჩენილი დავალიანება. მოკლედ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ იტყვი 🙂

7)      მოწყობილი ინფრასტუქტურა, ღია პარკინგი (მიწისქვეშა ავტოსადგომები ცალკე გაიყიდება დამატებით ფასად, რომელიც ჯერ დადგენილი არაა), სავაჭრო ცენტრი, პარკი, საბავშო ბაღი, სკოლა და მტკვრის სანაპიროზე ბულვარის ზოლი, ასევე გამწვანება, სამედიცინო პუნქტი (შეიძლება რამე გამომრჩეს ამ ჩამონათვალში) დამეთანხმებით, თბილისის ბევრი უბანი ასეთი ინფრასტრუქტურით ვერ დაიკვეხნის. (აღნიშნული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაც მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობს და სრულად დამთავრდება 2016წ. აგვისტოში)

8)      და ბოლო, ყველაზე მიმზიდველი რამ მთელ ამ პროექტში – ესაა ფასი, ყველა ეს სიკეთე სულ რაღაც 900$–ად 🙂

Image

ეხლა კი გადავიდეთ ნეგატივებზე:

1)      პირველი დიდი იმედგაცრუება – გაგიკვირდებათ და აღმოჩნდა ისევდაისევ ფასი. როგორც კომპანიის გაყიდვების სამსახური არეკლამებდა ეს უნდა ყოფილიყო კვადრატული 900$, თუმცა ადგილზე მისულებს და Show room–ებით მოხიბლულებს გაყიდვების მენეჯერმა გამოგვიცხადა, რომ თურმე აღნიშნულ ფასად შეგვეძლო გვესარგებლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთლიან საფასურს გადავიხდიდით ერთჯერადად ან მაქსიმუმ დავფარავდით დავალიანებას პროექტის დასრულებამდე (თუ ერთი წლის მანძილზე), სხვა დანარჩენ შემთხვევაში ფასები ინდივიდუალურად, პროგრამის გათვალისწინებით დგებოდა და ასე ჩვენს მიერ მოწონებულ კორპუსში პარკთან ახლოს ოროთახიანი ბინის კვადრატულის ფასი გამოვიდა დაახლოებით 1044 დოლარი, ხოლო სამოთახიანის –დაახლოებით 1071 დოლარი. (ჩემი ბინა თვალსადახელს შუა გამიძვირეს დაახლოებით 20 000$–ით 😦 ) მტკვრის სანაპიროზე პირველივე რიგში კიდევ უფრო ძვირი ღირს ფართები. გაოცება და იმედგაცრუება ვერ დავმალე და პირდაპირ ვკითხე კომაპნიის წარმომადგენელს, თუ რატომ ავრცელებნ ცრუ ინფორმაციას რეკლამაში და რატომ არ დებენ აქციის რეალურ პირობებს? მიპასუხეს, რომ თურმე ფასი იწყება 900$–იდან და არა 900$–ად. პირველი შთაბეჭდილებით იმდენად უკმაყოფილო ვიყავი, რომ საერთოდ აღარ მინდოდა საუბრის გაგრძელება, თუმცა რადგან ადგილზე ვიყავი მისული, მაინც ბოლომდე გავარკვიე ყველაფერი. მოგვიანებით, როცა სახლში დავბრუნდი, გზად დავაკვირდი ყველა ბილბორდს, სადაც დიდი ასოებით კვლავ ეს 900$ მეჩრებოდა თვალში, ასევე არ დავიზარე და გადახვევით ვუყურე დილის გადაცემას იმედის რადიოში, სადაც კომპანიის გაყიდვების სამსახურის უფროსი რამოდენიმეჯერ იმეორებს რომ ნამდივლად 900 ად არის კვადრატული და წამყვანის შეკითხვაზე, ერთბაშად ბინის მთლიანი ღირებულების გადახდის შემთხვევაში მყიდველი თუ მიიღებს რაიმე დამატებით შეღავათს, პასუხი იყო, რომ ბინა ისედაც 5 წლიანი განავდებით იყიდება კვადრატული 900 ად და მეტ შეღავათებს ვეღარ გააკეთებს კომაპნია.

2)      მეორე დიდი იმედგაცრუება – აღმოჩნდა, რომ რემონტი არის მთლიანად კომპანიის დიზაინერების საქმე და წინდაწინ შენ არაფერს გითანხმებენ, არც რაიმე ვარიანტს გთავაზობენ ასარჩევად. ანუ დიზაინერი გადაწყვეტს, როგორი სტილით გაგიკეთოს სამზარეულო და შენ ამის შესახებ შეიტყობ მაშინ, როცა გასაღებს გადაატრიალებ და შეხვალ ახალ ბინაში. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე, თუ 105 000$ გადავიხდი ბინაში, ნამდვილად არ მომინდება იქ დამხვდეს მთელი რიგი სიურპრიზები :). კომპანიის წარმომადგენელს ზუსტად ასე ვკითხე: „გამოდის რომ მე არ მეცოდინება რა დამხვდება ან როგორი იქნება ჩემი ბინა შესახლებამდე?“ და მან მიპასუხა „დიახ“. არ მომეწონა ისიც, რომ სტანდარტულად განაწილებულ დიზაინებში (ანუ ოროთახიანში ერთი სტილის სამზარეულო, სამიანში ერთი და ა.შ) თუ მე მომწონს ოროთახიანის სამზარეულო და ფართი მაძლევს საშუალებას, რატომ არ შეიძლება გამიკეთონ იგივე სამოთახიანში? კომპანიისგან რა მიდის?

3)      მესამე იმედგაცრუება – Facebook-ზე აღნიშნული აქციის პირობებში მითითებული იყო რომ საჩუქრად კომპანია სხვა ტექნიკასთან ერთად გაძლევდა სარეცხ მანქანასაც, ეს უკანასკელი Show room–შიც იყო წარმოდგენილი, თუმცა როგორც დეტალების გარკვევის შემდეგ აღმოვაჩინე, ეს პირობა კომპანიას შეუცვლია და სარეცხი მანქანა საჩუქრების სიიდან ამოუღიათ, თუმცა რატომღაც ყველას გადაავიწყდა მისი ამოღება სარეკლამო პოსტებიდან 🙂

4)      მეოთხე, ნუ მთლად იმედგაცრუებას ვერ დავარქმევ მაგრამ მაინც – მოწყობილი ინფრასტრუქტურის გადასახადი კვადრატულზე 0,4-0,5 თეთრი ყოფილა, რაშიც შედის კონსიერჟი სადარბაზოში, უსაფრთხოების სათვალთვალო ვიდეოკამერები და სხვა დამატებითი სერვისები, ეს თავისთავად ცუდი ფაქტი არაა, მაგრამ ცუდია ის, რომ მე რომ არ დავინტერესებულიყავი მექნებოდა თუ არა რამე დამატებითი გადასახადები კორპუსში ცხოვრებისას, კომპანიის წარმომადგენელს თავში აზრად არ მოსვლია გავეფრთხილებინე ამის შესახებ. ეს თანხა შეიძლება დიდი არაა, ბინის ფართიდან გამომდიანრე 30-50 ლარია, მაგრამ დამეთანხმებით, ზოგჯერ ყოველ თეთრს მნიშვნელობა აქვს.

5)      მეხუთე ნეგატივი – გარანტია რემონტზე და ტექნიკაზე 2 წელი. ნუ ტექნიკა გასაგებია, მაგრამ რემონტი? 😦

აი სულ ესაა, რაც ამ ეტაზპზე მახსენდება, მე გადავიფიქრე ბინის შეძენა, შენ წინ გაქვს არჩევანი (არადა 900$–ში რომ ყოფილიყო მართლა არც ვიფიქრებდი). შეიძლება რეალურად, ბაზარზე არსებულ ფასებთან და პირობებთან შედარებით, DIRSI მართლაც ძალიან მისაღებ პირობებს გვთავაზობს, მაგრამ ჩემში ეჭვს იწვევს ტყუილით დაწყებული ურთიერთობები.

ცოტა დიდი პოსტი გამომივიდა, მაგრამ მინდოდა ყველაფერი დეტალურად დამეწერა და არაფერი გამომრჩენოდა, იმედია ეს სტატია დაგეხმარება 🙂

 

 

Advertisements