სიკვდილი არ ყოფილა წინასწარ გამოცხადებული, თუმცა ქრონიკები უკვე იწერებოდა…

წამზომი ჩაირთო 1927წ. 6 მარტს არაკატაკაში და გაჩერდა 2014 წ. 17 აპრილს, მეხიკოში, მარტოობის 87-ე წელს.

Image

ქოხი არაკატაკაში, სადაც დაიბადა მწერალი

 

   ალბათ იმ დღეს  მაკონდოში წვიმდა, მარტოობის სევდით მოცული ყველა ბუენდია, ძალიან ბევრი აურელიანო და კიდევ უფრო მეტი ხოსე არკადიო კი უფრო დადარდიანებულიყვნენ. შეიძლება ნაღვლიანი მეძავები ტიროდნენ კიდეც, ალბათ ფლორენტინომ და ფერმინამაც შეწყვიტეს თავიანთი მოგზაურობა ნავით, სანტიაგო ნასარის ბოლო ამოსუნთვა კი უფრო ტრაგიკული გახდა…

   გული მევსება დარდით, მისტიური რეალიზმით გაჯერებული ნაწარმოებები, რომლებიც ასე ბევრს გვასწავლიდა ნამდვილი, ღირებული, სიკეთით აღსავსე ცხოვრების შესახებ, აღარ დაიწერება, ვეღარ მოვისმენთ მემეების, პლასედების, პაბლოების თუ სხვათა და სხვათა იუმორით შეზავებულ, ტკბილ–მწარე ამბებს, ისტორიებს, რომლებიც გულებამდე ჩადის, ტრიალებს, ტრიალებს ძალინ დიდხანს და ილექება სამუდამოდ, გვხვდის უფრო კეთილებს, მიმტევებლებს, ხალისიანებს და ბედნიერებს.

     ცხოვრების საოცარი გაკვეთილები დაგვიტოვა დიდმა მწერალმა, ადამინური გრძნობებით სავსე და გაჯერებული. 2000 წელს გამოქვეყნებულმა მისმა „ბოლო სიტყვამ“ საოცარი სისწრაფით მოიარა მთელი მსოფლიო და ალბათ აღასრულა კიდეც მარკესის სურვილი – დააფიქრა ადამიანები ნამდვილ ცხოვრებაზე, იმ ღირებულებებზე, რომლებიც უნდა ამოძრავებდნენ ადამიანებს, იმ გრძნობაზე, რომლითაც უნდა იმართებოდეს სამყარო, იმ პრიოროტეტებზე, რომლებითაც უნდა წარიმართებოდეს ჩვენი ცხოვრება და იმ შეუფასებელ საჩუქარზე – რაც ღმერთმა გვიბოძა თითოეულ ჩვენთაგანს – ჩვენი დრო და სივრცე, განსავლელი ამ სამყაროში.

   „ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე,ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული, ახალგაზრდასა თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ ვინც გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისათვის, მოფერებისათვის, კოცნისათვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი.“

   დაძლიეთ სიძულვილი, აივსეთ გულები სიყვარულით, ისწავლეთ მარტივი საგნებით ტკბობდა და დააფასეთ საგნები არა მათი ღირებულების, არამედ მნიშვნელობის მიხედვით, გიყვარდეთ ერთმანეთი და გამოუტყდით ყველას თქვენი გრძნობების შესახებ, რამეთუ წლების მერე „შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო“ – აქციეთ ეს მოწოდებები თქვენი ცხოვრების კრედოდ მანამ, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები ხართ, სანამ ღმერთს უბოძებია ერთი ნაკუწი სიცოცხლე თქვენთვის.

Image

ეს კი ის ფრაზებია, რომლებსაც ყველაზე მეტად ვიზიარებ:

„ყოველთვის თქვი, ის რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ“  

„ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, და არც იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე.“

„ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა,“

და ბოლოს, ყველაზე ოპტიმისტური და შემართებით აღსავსე მოწოდება – „დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ახლა სწორედ ეს მომენტია!“

და მართლაც, დავიწყოთ ყველამ ჩვენი ოცნებების ახდენა დღეს, მერე რა თუ გარეთ წვიმს ან ცუდი ამინდია, მერე რა, თუ ცუდ ხასიათზე ვართ და განწყობა არაა შესაფერისი, მერე რა, თუ გული გვატკინეს და იმედები გაგვიცრუეს, ან თუ ბრძოლისას დავეცით და წამოდგომის თავი აღარ გვაქვს, გვახსოვდეს ყველას, რომ ხვალინდელი დღე არავის გვაქვს გარანტირებული, დავტკბეთ აწმყოთი და როგორც მელკერი იტყოდა, „გვქონდეს დღე, რომელიც მთელს ცხოვრებას უდრის“

Image

P.S. მე კი, ჩემ წილად, დიდ მადლობას ვუხდი გაბოს თითოეული მისი სიტყვის, გმირის თუ ნაწარმოების გამო.

Advertisements